odigitria.ge

როგორ მოვილოცოთ ათონი — ოდიგიტრია
ბლოგი

როგორ მოვილოცოთ ათონი

ღვთის შეწევნით, 2010 წლიდან დავდივართ ათონის წმინდა მთის მოსალოცად. ამ წლების განმავლობაში დაგვიგროვდა საკმაო ცოდნა და გამოცდილება, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ წმინდა მთის მოლოცვა.

გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ დეტალური ინფორმაცია ათონის წმინდა მთის მოლოცვის შესახებ. იმედი გვაქვს, ეს ინფორმაცია ოდნავ მაინც დაგეხმარებათ, რომ მშვიდად მოილოცოთ ეს ადგილი.

როგორ მოვილოცოთ ათონი

მნიშვნელოვანია, რომ ათონის წმინდა მთის მოლოცვა მინიმუმ 5 თვით ადრე დავიწყოთ.

ცნობილია, რომ ათონის წმინდა მთის მოლოცვა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ.

მნიშვნელოვანია, რომ ათონის წმინდა მთის მოლოცვა მინიმუმ 5 თვით ადრე დავიწყოთ. როგორც ათონის ვიზების (დიამონიტირიოს) გაცემა, ასევე, ჯავშნების მიღება მონასტრებში დარჩენაზე ძალიან გართულებულია.

ათონის ვიზა (დიამონიტირიო)

წმინდა მთის მოსალოცად საჭიროა ათონის ვიზა (დიამონიტირიო). ვიზის მიღების ორი გზა არსებობს. შეგიძლიათ მისწეროთ ათონის ოფისს ელფოსტაზე: athosreservation@gmail.com, გაუგზავნოთ პასპორტები, მისწეროთ კონკრეტული თარიღი, როდის გნებავთ გამზადდეს ვიზა (გახსოვდეთ, რომ ვიზის შეკვეთა არ ხდება მოქნილი თარიღით, ის გაიცემა მხოლოდ ერთ კონკრეტულ დღეზე).

ათონის ოფისს ელფოსტა უნდა მისწეროთ ბერძნულად ან ინგლისურად.

Dear Athos Office,

We are 3 friends from Georgia and would like to visit Athos Mountain in October 5. Will you issue deamination for us?

In the attached, please, see our passports.

With Thanks.

ელფოსტის ტექსტი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ თქვენი სურვილისამებრ. მთავარია, აღნიშნოთ, რომ ხართ საქართველოდან, რამდენნი ხართ და როდის გსურთ ვიზის მიღება.

აღსანიშნავია, რომ სასულიერო პირებს სჭირდებათ საქართველოს საპატრიარქოს სამდივნოს წერილი: თუ რეგიონში მოღვაწეობს სასულიერო პირი, მისი ეპარქიის ეპისკოპოსის ან ეპისკოპოსის სამდივნოს წერილი.

Certificate
This is to confirm that Priest (Name, Surname, Passport N) is a clergyman of the Orthodox Church of Georgia and has not been suspended from his duties.

თუ სამ სამუშაო დღეში არ უპასუხეს თქვენს ელფოსტას, დაურეკეთ ტელეფონზე და ესაუბრეთ ინგლისურად ან ბერძნულად. თუ გყავთ მეგობარი თესალონიკში, სთხოვეთ, ესტუმროს მათ ოფისს და მიმართოს ოფისის გუნდს, რომ ნახონ ელფოსტაში თქვენ მიერ გაგზავნილი წერილის ტექსტი.

ათონის წმინდა მთის ოფისი თესალონიკში:

მისამართი: ეგნატიას ქუჩა 109, თესალონიკი.

ტელეფონი: +30 2310 252578

ათონის მოლოცვისას სასურველია იყოთ მაქსიმუმ 5 ადამიანი. 5-ზე მეტი ადამიანისთვის მონასტრებში ძალიან რთულია დასარჩენი ჯავშნების გაკეთება.

როგორ ჩავიდეთ ურანოპოლისში

თესალონიკის ცენტრში, არისტოტელეს მოედანზე თუ დადგებით ავტობუსის გაჩერებაზე, გამოივლის ავტობუსი N45. ბილეთი შეგიძლიათ ავტობუსშივე შეიძინოთ, დაახლოებით 15 წუთში მიხვალთ ხალკიდიკის სადგურში (კტელ ხალკიდიკის). ბოლო გაჩერება სწორედ აქ აქვს 45 ნომერ ავტობუსს. კტელ ხალკიდიკში იკითხავთ ურანოპოლისის ავტობუსს და შეიძენთ ბილეთს. ბილეთი 13.6 ევრო ღირს.

გთავაზობთ ავტობუსის განრიგს:

06:00; 12:45; 14:30; 17:45 სთ.

თუკი ტაქსით გსურთ ჩასვლა, ეს დაახლოებით 120 ევრო დაგიჯდებათ, მინივენი 150 ევრო ღირს.

დიამონიტირიოს მიღება ურანოპოლისში

თქვენ მიერ ელექტრონულად შეკვეთლი დიამონიტირიო ფიზიკურად უნდა აიღოთ ოფისში, რომელიც ურანოპოლისში მდებარეობს. ოფისის სამუშაო საათებია 06:00 - 12:00 სთ. დიამონიტირიოს ასაღებად თან უნდა იქონიოთ საერთაშორისო პასპორტი.

გემის ბილეთი: ურანოპოლისი - ათონის წმინდა მთა

ურანოპოლისი ათონის წმინდა მთაზე შესასვლელი მთავარი პორტია. თუმცა, შეგიძლიათ ასევე ისარგებლოთ იერისოდან. იერისო ურანოპოლისიდან დაახლოებით 15 კმ-ში მდებარეობს და გემი იერისოდან პირდაპირ შედის ვატოპედის და ივერონის მონასტრებში. გემზე ასასვლელად აუცილებელია წინასწარი დაჯავშნა. გთავაზობთ ტელეფონის ნომერს: +30 6974060747.

თუკი ურანოპოლისიდან გსურთ სწრაფი გემით (მიკრა აგია ანა) შესვლა ათონზე, ასევე, აუცილებელია წინასწარი ჯავშანი (გემის ოფისი ჯავშანს 10 სამუშაო დღით ადრე იღებს). +30 699 510 51 05. მიკრა აგია ანას გემს დაახლოებით 40 წთ სჭირდება ათონის წმინდა მთამდე და ბილეთი 20 ევრომდე ღირს. მიკრა აგია ანა დილით 06:30 სთ-ზე გადის ურანოპოლისიდან. მეორეჯერ გადის 12:00 სთ-ზე. გემის ბილეთს დიამონიტირიოს ოფისის გვერდით შეიძენთ.

თუკი დიდი გემით გსურთ ათონის წმინდა მთისკენ წასვლა, გზაში დაახლოებით 2.5 სთ დაგჭირდებათ. გემის ბილეთი 10 ევრომდე ღირს. დიამონიტირიოს ოფისიდან 50 მეტრში გაკრულია დიდი გემის ფოტოები და იქ არის დიდი გემის ბილეთის ოფისი. როგორც წესი, ოფისი მუშაობას 08:00 საათზე იწყებს. სასურველია წინასწარ დაჯავშნოთ დიდ გემზე ბილეთი: +30 2377021041. ამაზე ოფისში შეიძენთ ასევე სწრაფი გემის - ,,ოდიგიტრიას“ ბილეთს. ,,ოდიგიტრიას“ ბილეთიც წინასწარ უნდა დაჯავშნოთ ტელეფონით. ოდიგიტრიათი ათონზე 1 საათში მოხვდებით, ბილეთი 20 ევრომდე ღირს.

შეგიძლიათ ასევე ისარგებლოთ ათონის ტაქსით. კატერში მაქსიმუმ 8 ადამიანი ჯდება და ურანოპოლისის დატოვებიდან 25 წუთში უკვე ათონზე იქნებით. +3069744060744. ტაქსით მომსახურება 220-დან 300 ევრომდე მერყეობს.

გემზე ასვლისას სასაზღვრო პოლიცია ამოწმებს დიამონიტირიოს და პასპორტს და ამის შემდეგ გეძლევთ გემზე ასვლის უფლება.

მონასტრებში ღამისთევის დაჯავშნა

ჯავშნის გარეშე არცერთი მონასტერი არ დაგიტოვებთ ღამე. შეგიძლიათ ათონის ცენტრში, კარიესში მიხვიდეთ და იქ დარჩეთ სასტუმროში.

მონასტრებში დასარჩენად აუცილებელია მათ რამდენიმე თვით ადრე აცნობოთ. ამ ბმულზე იხილავთ ათონის წმინდა მთის მონასტრების, სკიტების ელფოსტას და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს:

Prosforio

Dear Monks of Athos Mountain, we are 5 friends from Georgia and would like to stay at your monastery for one night in October 4. Will you accept us?
რამდენიმე რჩევა

რა ჩავიცვათ ათონის მოლოცვისას

ზოგიერთი მონასტერი მსახურებებზე ითხოვს, რომ გეცვათ გრძელმკლავიანი მაისური. ათონის თავისებურებიდან გამომდინარე, შეიძლება მოგიწიოთ ფეხით სიარული და სასურველია გეცვათ კომფორტული ფეხსაცმელი.

ათონზე თუ შევძლებთ ხატების, ჯვრების, სანთლების შეძენას

დიახ, ყველა მონასტერს აქვს მაღაზია. საეკლესიო მაღაზიები არის ასევე ათონის პორტში - დაფნიში და ათონის ცენტრში - კარიესში.

ათონზე სასურველია მქონდეს ბარათი თუ თანხა ხელზე/ქეშად ვიქონიო

ათონის წმინდა მთის საეკლესიო მაღაზიებში ისარგებლებთ საბანკო ბარათით, მაგრამ მგზავრობისას ძირითადად მხოლოდ ხელზე იღებენ თანხას ავტობუსის, მიკრო-ავტობუსის მძღოლები.

ბოლოს, უნდა გვახსოვდეს ოქროს წესი: ათონის წმინდა მთაზე თითოეული მომლოცველის მასპინძელი ღვთისმშობელია.

ჩვენმა გუნდმა მოკრძალებული ფილმი გადაიღო ათონის მოლოცვის შესახებ და შეიძლება ფილმის ყურება დაგეხმაროთ, რომ უფრო კარგად დაგეგმოთ წმინდა მთის მოლოცვა:

ერთად მოვილოცოთ ათონი

თუკი კიდევ დაგრჩებათ კითხვები ათონის წმინდა მთის მოლოცვის შესახებ, მოგვწერეთ ფეისბუქში.

ასევე, თუ გჭირდებათ ათონის წმინდა მთის მოსალოცად გამყოლი (გიდი), ღვთის შეწევნით, დაგეხმარებით.

ბოლოს, უნდა გვახსოვდეს ოქროს წესი: ათონის წმინდა მთაზე თითოეული მომლოცველის მასპინძელი ღვთისმშობელია, დედა ღვთისამ ინებოს, რომ ბევრჯერ მოგველოცოს მისი კუთვნილი ბაღი, ათონის წმინდა მთა!