2013 წელს Facebook-ზე შევქმენით გვერდი „ათონის მთის მოყვარულთა სკოლა“. ჩვენი მიზანი იყო, საზოგადოებაში გაგვევრცელებინა ინფორმაცია ათონის წმინდა მთის შესახებ. წლების განმავლობაში ვაზიარებდით სხვადასხვა სახის ინფორმაციას — ათონის მონასტრების, ათონური გალობის, სასწაულმოქმედი ხატების, ათონელი წმინდა მამების ცხოვრებისა და სულიერი გამოცდილების შესახებ.
დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ათონი ჩვენთვის უბრალოდ ადგილი აღარ იყო — იგი ჩვენს მეორე სახლად იქცა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ათონის მოლოცვის სიხარული სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა და წმინდა მთის მოლოცვა მათთვისაც ხელმისაწვდომი გაგვეხადა.
2018 წელს დავიწყეთ მომლოცველობითი ტურების ორგანიზება ათონის წმინდა მთაზე. მალევე დაიწყო კოვიდპანდემია, რის გამოც გარკვეული დროით მოგვიხდა საქმიანობის შეჩერება, თუმცა მოგვიანებით კვლავ განვაახლეთ და გავაგრძელეთ ჩვენი გზა.
როდესაც აქტიურად დავიწყეთ ათონის მოლოცვითი ტურების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, ხშირად გვიკავშირდებოდნენ ქალბატონები, რომლებიც გვთხოვდნენ ისეთი მომლოცველობითი მოგზაურობების დაგეგმვასაც, სადაც მათაც შეეძლებოდათ მონაწილეობა. სწორედ ამ სურვილმა მოგვცა ბიძგი დაგვეწყო ახალი მიმართულებები — კუნძული კორფუ, ბარი, თესალონიკის შემოგარენი და სხვა მრავალი წმინდა ადგილი.
ღვთის შეწევნითა და ჩვენი გუნდის ძალისხმევით, უკვე ათობით ქალბატონმა შეძლო ამ წმინდა ადგილების მონახულება და მოლოცვა.
რამდენიმე კვირის წინ მივხვდით, რომ ჩვენი მომლოცველობითი ტურები უკვე იმდენად მრავალფეროვანი გახდა, რომ Facebook გვერდის ძველი სახელწოდება აღარ ასახავდა სრულად ჩვენს საქმიანობას. ამიტომ დავიწყეთ ფიქრი ახალი სახელის შესახებ.
მრავალი იდეა გვქონდა, ბევრ ადამიანს ვეკითხებოდით აზრს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივდიოდით. ერთ-ერთ დილას, დილის ლოცვების შემდეგ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვე, დახმარებოდა ჩვენს გუნდს კომპანიის სახელის შერჩევაში. რამდენიმე წუთში დამირეკა ათონის წმინდა მთაზე, ქსენოფონტოს მონასტერში მოღვაწე მამა ემილიანემ (რუხაია). მოკითხვის შემდეგ მკითხა, ხომ არაფერი მჭირდებოდა. გავუზიარე ჩვენი წუხილი — რომ ვერ ვპოულობდით ჩვენი მომლოცველობითი კომპანიისთვის შესაფერის სახელს.
„რად უნდა ამდენი ფიქრი? დაარქვით — ოდიგიტრია“
ამ სახელის გაგონებისას ისეთი სიხარული ვიგრძენი, რომლის გადმოცემაც სიტყვებით ძნელია. საუბრის დასრულებისთანავე მივწერე ჩვენი გუნდის წევრებს და გავუზიარე ეს იდეა. ყველას ძალიან მოეწონა ეს სახელი და მალევე მივხვდით — სწორედ ეს იყო ის, რასაც ვეძებდით.
„ოდიგიტრია“ ჩვენთვის მხოლოდ სახელწოდება არ არის. იგი არის ჩვენი გუნდის მისიის გამოხატულება. ბერძნული სიტყვა Hodegetria ნიშნავს „გზის მაჩვენებელს“ – მას, ვინც სწორ გზაზე მიუძღვის ადამიანს.
ღვთისმშობლის ოდიგიტრიის ხატი საუკუნეების განმავლობაში აღიქმებოდა, როგორც სულიერი გზამკვლევი. მასზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიუთითებს იესო ქრისტეზე, როგორც ჭეშმარიტ გზაზე, ჭეშმარიტებასა და ხსნაზე. სწორედ ეს სიმბოლო გახდა ჩვენი სახელის შთაგონების წყარო.
ჩვენი მისიაა, თითოეულ მომლოცველს გავუძღვეთ არა მხოლოდ გეოგრაფიულ მოგზაურობაში, არამედ სულიერ გზაზეც – რწმენის, სიმშვიდისა და მადლისკენ. გვწამს, რომ ყოველი მომლოცველობა არის შინაგანი გზის ნაწილი, ხოლო „ოდიგიტრია“ ნიშნავს მფარველობას, დაცვას და სწორ მიმართულებას ამ გზაზე.
ოდიგიტრიის სახელის შერჩევით ჩვენი გუნდი ვავედრებთ ღვთისმშობლის ოდიგიტრიის ხატს როგორც ჩვენი გუნდის წევრებს, ასევე, ჩვენი ტურების თითოეულ მომლოცველს.
ამ სახელით გვსურს ასევე გამოვხატოთ, რომ ჩვენი გუნდი არის სანდო თანამგზავრი, რომელიც სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და რწმენით მიუძღვება ადამიანებს წმინდა ადგილებისკენ.
ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილ და ერთგულ ადამიანთაგან, რომელთათვისაც ეს საქმიანობა მხოლოდ პროფესია არაა – ეს არის მსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომლოცველის ნდობა, კომფორტი და სულიერი სარგებელი.
შემოგვიერთდით, ერთად მოვილოცოთ.
ჩვენთან არს ღმერთი !