ურანოპოლიდან პატარა სამსართულიანი გემი დაიძრა ათონის მთისკენ. შემოდგომის კამკამა ზღვას აპობს და აქაფქაფებს გემის ნელი სვლა. თოლიების გუნდი მასპინძლად მიგვიძღვის წინ ყველას. ირგვლივ იშლება მთებისა და მათ შორის აღმართული მონასტრების საოცარი ხედები.
საკმევლის სურნელება, ლოცვის ხმა, შეგრძნება იმისა რომ ახლოს ხარ ღვთისმშობელთან — ზღაპარს ხდის რეალობას.
— აი, ისინიც გამოჩნდნენ, მოაბრძანებენ სიწმინდეებს, — გაისმა ხმა. ქსენოფონტეს მონასტრის ბერები კატერით მოემართებიან ჩვენკენ. გადმოაბრძანეს გემზე სიწმინდეები და მონასტრის საძმოს ხელნაკეთობა თუ ნაწარმი.
წმ. გიორგის ხელის ძვლის ნაწილი, ასევე წმ. პანტელეიმონ მკურნალის ხელის ძვლის ნაწილი, წმ. მარინეს ნაწილი და სხვა უამრავი სიწმინდე მოგვალოცეს. მამებმაც დაგვლოცეს, გვაკურთხეს. საეკლესიო ნივთებიც შევიძინეთ და დავემშვიდობეთ მათ.
ეს ის წამებია, როდესაც აკვირდები ყველაფერს და ცდილობ ბოლომდე შეიგრძნო თითოეული დეტალი, რასაც ხედავ და რაც გესმის. შორიდან თითქოს ღვთისმშობელს ესაუბრები, თითქოს შორს, თუმცა ძალიან ახლოს.
ღმერთთან საუბარი განა ყველა ადგილიდან არ შეგვიძლია? რა თქმა უნდა — ხის ფუღუროშიც კი იპოვი ღმერთს. თუმცა აქ, შენი რწმენა ნაკვერჩალზე მობერილი ქარივით ღვივდება და ალდება!
განიცდი უსასრულო სიხარულს, განიცდი მადლს, განიცდი სიმშვიდეს. ეს მხოლოდ შორიდან მიღებული ემოციაა! ნეტა მას, ვისაც იქ ფეხი დაუდგამს!
იდუმალებით მოცული წმინდა მთა ზღაპრულ წარმოდგენებს მიქმნიდა გონებაში. ფანტაზიების მორევშიც მოვყევი — ვფიქრობდი, რა მოხდება, გემმა რომ მიმართულება იცვალოს და პირდაპირ ათონის სანაპიროს მიადგეს... ამ დროს თან ვლოცულობ: მაპატიე ღმერთო ასეთი ფიქრები.
ურანოპოლი ძალიან მყუდრო ქალაქია. ღამით სასტუმროს აივანზე ვიდექი და მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ მეძინებოდა, ვცდილობდი შემეგრძნო წმინდა მთასთან სიახლოვე — შემეგრძნო მისი კალთებიდან მონაბერი ჰაერი, რომელიც გაჯერებული იყო მადლით!
გაჰყურებ მთებს და ფიქრობ: თუ რამდენი წმინდანი ჰყავს გამოზრდილი ამ იდუმალ ადგილს, თუ რამდენჯერ გაუვლია იქ ღვთისმშობელს, იქნებ ახლაც დადის და ეალერსება თავის შავ მარგალიტებს — ბერებს.
ბერებზეც უნდა ვთქვა — ხანში შესულებს ხორცზე ეტყობათ რაღაც სანთლისებრი სისპეტაკე. თითქოს მათი თვალები შენი სულის სარკედ ქცეულან და პირველი, რაზეც გაფიქრებენ, არის ის — თუ რა უნდა შეცვალო შენში, რომ რწმენაში გაძლიერდე.
გიორგი კარსლიდი უნდა ვახსენო. მინდა გითხრათ ერთი ნახვით შეყვარების შესახებ. იმდენად დიდი მადლი და სიყვარული ვიგრძენი წმინდანის საფლავის მოლოცვით და ასევე მისი თავის ქალის, რომელზეც ჯვარი იყო გამოსახული, რომ მას შემდეგ მენატრება!
ტაძარში, სადაც წმინდანის თავის ქალა ესვენა, მსახურება მიმდინარეობდა. ირგვლივ დედები მომღიმარი სახეებით სიყვარულს ასხივებდნენ თვალებიდან. ტაძარი — დიდებულად გაწყობილი! ძალიან ბევრი მონაზონი იდგა მსახურებაზე, მათი შემხედვარე, თავი ზღაპარში მეგონა.
შემდეგ ანასტასია მკურნალის წმინდა ნაწილებთანაც მივედით. ვისაც მისი ზეთი ვაცხე საქართველოში, ყველა აღნიშნავს, რომ აღარ სტკივათ ის ადგილები, რომელიც წმინდანს მიანდეს. წმინდა ანასტასიას ძალიან მშობლიურად ვგრძნობ.
პირველად რომ მივედი, წვიმდა. მანამ, სანამ საფლავზე მივიდოდი, ერთმა უპოვარმა doctor დამიძახა — თეთრი პერანგი რომ მაცვია, ალბათ ამიტომ.
მის საფლავს ჩავეხუტე — აბა როგორ! ამდენი ხანი ამას ვოცნებობდი.
თეთრ პერანგზე ამყვა სველი ატალახებული მიწა. ის პერანგი შევინახე გაურეცხავად. მას შემდეგ საფლავის ქვიშიანი პერანგი ბევრმა სნეულმა ჩაიცვა. აი მაშინ მივხვდი, თუ რატომ დამიძახა იმ დღეს იმ პერანგით უპოვარმა doctor-ი.
ბერი პაისის საფლავი სამჯერ მოვილოცე — პირველად წვიმაში, მეორე დღეს მზიან ამინდში და მეორე ტურზე უკვე მესამედ. მადლიერი ვარ — იქვეა წმიდა არსენის წმიდა ნაწილებიც. ორი დიდი წმიდა მამა იხუტებს და სიყვარულით ავსებს მომლოცველთ!
მონასტერში ასზე მეტი მონაზონი მსახურობს. ათონზე მოღვაწე ბერი ემილიანე, რომელიც მონასტრის წინამძღვარი იყო, იქვე განისვენებს. ეს მონასტერი დღემდე ათონის მთას ექვემდებარება.
მონასტრის ეზოში უამრავი მაგიდაა განთავსებული. მომლოცველებს მონაზვნები ტკბილეულითა და ყავით უმასპინძლდებიან, თან სულიერ საკითხებზე რჩევებს აძლევენ. ჩვენც გაგვიმასპინძლდნენ — როგორც ხორციელად, ისე სულიერად დაგვკვებეს!
ბერი ემილიანე ჯერ წმინდანად არ შეურაცხავთ, თუმცა ის უკვე წმიდაა — და იმ მონასტრის მადლის მზე!